ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

„საქორწინო შემთხვევა“


„საქორწინო შემთხვევა“

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გუგული მგელაძე ერთ-ერთი თავისი მეგობრის მეჯვარე იყო. ქორწილის დღეა. ახალგაზრდები ელეგანტურად გამოეწყვნენ და მაყრიონთან ერთად „ქალის წამოსაყვანად“ გაემართნენ ერთ-ერთ ახლად აშენებულ კორპუსში, საბურთალოზე. ბატონი გუგული იხსენებდა: „კორპუსთან დიდი „პიპინ-სიგნალებით“ მივგრიალდით და ყველას გავაგებინეთ, რომ მოვედით. სადარბაზოსთან დამხვდურების ჯგუფი იდგა, რომელიც ქალის სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვდა. მე და ჩემმა მეგობარმა (სიძემ) ორას-ორასი მანეთი დავტოვეთ ქვევით (მთელი ფული, რაც გაგვაჩნდა) და მხოლოდ ამის მერე აგვიყვანეს მეცხრე სართულზე. შეგვიყვანეს ბინაში, სადაც საქორწილოდ გამოწყობილი პატარძალი იმყოფებოდა და გვითხრეს, წაიყვანეთო. – ეს ჩემი საცოლე არაა... – ამოღერღა ჩემმა მეგობარმა, როდესაც ქალი შეათვალიერა. პატარძალიც კოპებშეკრული უმზერდა დაუპატიჟებელ სიძეს. საქმე კი ის იყო, რომ იმ დღეს იმ კორპუსიდან ორი საპატარძლო უნდა წაეყვანათ. ჩვენი უფრო ზემოთ ცხოვრობდა – მეთერთმეტეზე. დამხვდურები კი სხვა ქორწილისა იყვნენ. აბა, ფულს ვინღა დაგვიბრუნებდა ან ვინ დაიწყებდა ამაზე „ჩალიჩს“... რა გაეწყობოდა, ორი სართულით ზემოთ ავიწიეთ და ჩვენი პატარძალი ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე, „პოსლეზე“ წამოვიყვანეთ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია